Green House
 
სტატიები

ერთი შემთხვევა მწვანე სახლის ისტორიიდან


მ. ტარასაშვილი, ი. თავბერიძე, მ. მაისურაძე
 
მწვანე სახლი, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მცირეწლოვანი ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, 2006 წლიდან ფუნქციონირებს თბილისში. თავდაპირველად ის ფსიქიკური პრობლემებისა და დაავადებების პრევენციის მიზნით გაიხსნა, ფრანგი პედიატრის, ფსიქიატრისა და ფსიქოანალიტიკოსის ფრანსუაზ დოლტოს მწვანე სახლის (LA MAISON VERTE) მოდელის მიხედვით. თუმცა თავიდანვე მწვანე სახლს, პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად, აუტისტური სპექტრისა და ფსიქოზის სხვადასხვა ფორმის მქონე ბავშვებიც ესტუმრნენ. 
 
დიდი ენთუზიაზმი, თითოეული ბავშვისა და თითოეული დედის პრობლემის ღრმა ანალიზი, ემპათია, თავისუფალი სათამაშო გარემო – ესაა ის, რაც მწვანე სახლში ბავშვებს ეხმარება მდგომარეობის მეტ-ნაკლებ შემსუბუქებაში, ზოგიერთ შემთხვევაში კი, პირდაპირ რომ ვთქვათ, გამოჯანმრთელებაში.
 
ვფიქრობთ, მკითხველს დააინტერესებს ერთი შემთხვევა მწვანე სახლის პრაქტიკიდან. ბავშვი, რომლის შემთხვევასაც აღვწერთ, 2006 წლის შემოდგომაზე მოიყვანა დედამ ჩვენთან. მას უკავშირდება მწვანე სახლის პირველი დიდი წარმატება და პირველი სიხარული. 
 
4 წლის და 3 თვის ლუკა დედამ აუტიზმის დიაგნოზით მოიყვანა. ბიჭუნას სევდიანი, ტანჯული სახე ჰქონდა; არ ჰქონდა თვალის კონტაქტი, მისი მზერა სივრცეში იკარგებოდა. ბიჭი ზედაც არ უყურებდა ბავშვებს, არც სათამაშოებს. ჯდებოდა ყველასგან მოშორებით, ხშირად გაუნძრევლად, ტანჯული გამომეტყველებით. მოძრაობაც თავისებური ჰქონდა, თითქოს წონასწორობას კარგად ვერ იცავდა. ჰქონდა აკვიატებული, სტერეოტიპული ქცევები, არ ლაპარაკობდა, მაგრამ ერთსა და იმავე აკვიატებულ ფრაზებს (მაგ., სამშენებლო კომპანია "აქსისი") ხანდახან ყვირილით და საკმაოდ გაურკვევლად წამოიძახებდა ხოლმე. არ ასრულებდა არანაირ მითითებას, აწუხებდა უძილობა, სისტემატურად იღვიძებდა დილის 4 საათისთვის, 2-3 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ტიროდა, ჭამდა ცუდად, ერთსა და იმავე საჭმელს, არ იცვამდა ახალ ტანსაცმელს, ითხოვდა, რომ ადგილი არ შეეცვალათ სახლში არსებული ნივთებისათვის და ა.შ. პერიოდულად გამოიხატებოდა აგრესია დედისადმი. DSM  IV-ის მიხედვით, მას აღენიშნებოდა აუტიზმის ყველა ნიშანი, განვითარების მძიმე შეფერხებები; სოციალური ინტერაქციის და კომუნიკაციის, ქცევითი, მენტალური დარღვევები,  ასევე სტერეოტიპული ინტერესები და აქტივობები.
 
შეხვედრა ტრადიციულად ანამნეზით დავიწყეთ. ბიჭუნა იყო ახალგაზრდა მშობლების პირველი სასურველი შვილი. ოჯახი ცხოვრობდა მამის მშობლებთან ერთად. ფეხმძიმობა იყო ნორმალური, დედას ამ პერიოდში არანაირი დაავადება არ გადაუტანია. მშობიარობა იყო ფიზიოლოგიური, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. დედის თქმით, ის ორ წლამდე ნორმალურად ვითარდებოდა, დაახლოებით ორი წლიდან შეამჩნია, რომ ბავშვი ნელ-ნელა იცვლებოდა, ხდებოდა ჭირვეული, უკონტაქტო, ამცირებდა სიტყვათა მარაგს, აღარ ინტერესდებოდა სათამაშოებით და ა.შ. ჰქონდა დისბაქტერიოზი, სხვა დაავადება არ გადაუტანია. 
 
მწვანე სახლის ძირითადი სამუშაო მეთოდი – ეს არის ფრ. დოლტოს ანალიტიკური მიდგომა ბავშვისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. აუტისტური სპექტრი განიხილება, უპირველეს ყოვლისა, როგორც ემოციური დარღვევა. ამიტომ ჩვენ დავინტერესდით ოჯახის წევრებს შორის არსებული ურთიერთობით.  ჩვენს შეკითხვაზე – ხომ არ ყოფილა ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობა და ჩხუბი, ლუკა სწრაფად წამოხტა და დედას პირზე ხელი ააფარა. ამ მოულოდნელი რეაქციის შემდეგ, რა თქმა უნდა, აღარ დავიჯერეთ დედის ნათქვამი, რომ სახლში არ ჩხუბობენ და რომც იყოს რამე კამათი, ბიჭუნას ეს მაინც არ ესმის. ჩვენ, დოლტოს მეთოდიკის მიხედვით, ბავშვს მისთვის ამ აშკარად მნიშვნელოვან თემაზე დაველაპარაკეთ. ვუთხარით, რომ ხანდახან დიდებსაც ეშლებათ, რომ ყოველთვის სწორად არც ისინი იქცევიან, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ლუკა ყველას უყვარს სახლში და თუ რამე უსიამოვნება ხდება, ეს მისი ბრალი არ არის...…
 
ბიჭს თითქოს არაფერი ესმოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ამაზე საუბარი მას სჭირდებოდა. 
 
ამის შემდგომ ის ოდნავ უფრო მშვიდად მოდიოდა ხოლმე მწვანე სახლში.  პარალელურად ბავშვი ჩვეულებრივ სახელმწიფო ბაღში შეიყვანეს. რა თქმა      უნდა, იქ ის განმარტოებით იჯდა ამოჩემებულ ადგილას, არავის ეკარებოდა, არ ჭამდა, ზოგჯერ ისველებდა კიდეც, მითითებებს არ ემორჩილებოდა, მაგრამ გულისხმიერი და მომთმენი მასწავლებლის წყალობით ბაღში პასიური ყოფნის შესაძლებლობა მიეცა. ბიჭუნა ბაღში მხოლოდ რამდენიმე საათს რჩებოდა, შემდეგ კი დედას მწვანე სახლში მოჰყავდა ყოველდღიურად. აქ ის ისმენდა თავის ისტორიას, მუცლადყოფნის პერიოდიდან მოყოლებული. დედის და შვილის ყველა შიშს, შფოთვას ვიხსენებდით, ვაანალიზებდით, ყველა არაადეკვატურქცევას ხმამაღლა, დედისა და ბავშვის გასაგონად, ვხსნიდით და რეაქციებს  ვაკვირდებოდით. ვცდილობდით, ლუკას და დედამისის მუდმივ ემოციურ მხარდაჭერას. ამასთან ერთად, ჩვენ ვთამაშობდით და შეფარვით ვცდილობდით ბიჭუნას სათამაშოებით დაინტერესებას. სულ მალე მან დაიწყო კუბიკებით ციხე-სიმაგრის მსგავსი ოთხი კედლის აშენება, რომელშიც ერთ პატარა კუბიკს განათავსებდა და შემდეგ ხმამაღლა, ნერვიულად ყვიროდა: `გაათავისუფლეთ, უშველეთ, ვიღუპეში!.. ეს იყო პერიფრაზი ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმიდან: "ფიცხელ, მიშველე, ვიღუპები", და მივხვდით, რომ ბიჭუნა შველას ითხოვდა. პასუხსაც იღებდა: "ნუ გეშინია, შენ არ დაიღუპები, აქ იმიტომ დადიხარ, რომ დაგეხმაროთ”. ეს პასუხი მას ამშვიდებდა.
 
ეს თამაში დაახლოებით 5-6 თვეს გაგრძელდა. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთადI თამაშში ცვლილებები შეიმჩნეოდა. ნელ-ნელა მან ციხე-სიმაგრეს ფანჯარა და კარი გაუკეთა. სულ უფრო და უფრო ხშირად აღებდა ამ ფანჯარასა და კარს, უფრო და უფრო ხშირად გამოჰქონდა "ტყვე კუბიკი” ციხე-სიმაგრიდან. თამაშის ეს ცვლილება მის ფსიქიკურ სიმშვიდესა და განვითარებას პირდაპირ ასახავდა. როცა პროგრესი ცხადი და თვალსაჩინო გახდა, ლუკამ საერთოდ შეწყვიტა ეს თამაში და იმავე კუბიკებით ჩვეულებრივი, თავისი ასაკის შესაფერისი, თამაში დაიწყო.
 
მწვანე სახლში მოსული ბავშვების რაოდენობა იზრდებოდა. ბიჭუნას ეს არ მოსწონდა, არავის უყურებდა, ახლოს არავისთან მიდიოდა. ნელ-ნელა გაღიზიანებისა და ეჭვიანობის გამოხატვა დაიწყო. ეს ყველაფერი ძალზე ძნელი იყო სამართავად, მაგრამ ეს იყო მისი პროგრესი. ჩვენ მისი განვითარების სტადიებს მოთმინებით მივყვებოდით და ფრთხილად, მაგრამ დაჟინებით წინსვლისკენ ვუბიძგებდით. 
 
ერთ დღეს მწვანე სახლს ორი სტუდენტი გოგონა ესტუმრა. ისინი ხალიჩაზე ისხდნენ და ბავშვებთან მხიარულად თამაშობდნენ. ლუკა მოშორებით იჯდა და შევამჩნიეთ, რომ უჩუმრად მათკენ აპარებდა თვალს. მოულოდნელად ბიჭუნა გამოიქცა, ერთ-ერთ მათგანს ფეხზე შემოასკუპდა და ამღერდა: "გოგოვ, ცოლად გამომყევი, შეგიკერავ ფაჩაჩებსა...”
 
ეს მისთვის გამბედავი ნაბიჯი წინსვლის საწინდარი აღმოჩნდა. წინსვლა ახლა უკვე ყოველდღიურად უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. სიტყვათა მარაგი სწრაფად ივსებოდა, გაურკვეველი მეტყველება წარსულში დარჩა. მას უკვე შეეძლო აზრობრივად გამართული წინადადების აწყობა, მაგ., წითელი მანქანა მიდის... შეიცვალა სიარულის მანერა, გამომეტყველება, უკვე თვითონ ითხოვდა იმ თამაშს, რომელიც სპეციალურად მისთვის, თვალის კონტაქტის სავარჯიშოდ, მოვიგონეთ; ითხოვდა ყურადღებას, შექებას...…თუმცა ზოგადი მდგომარეობა თვისობრივად იგივე რჩებოდა. პერიოდულად ძლიერდებოდა აკვიატებული ფრაზები, ქცევები, უძილობა, ჭირვეულობა და სხვ. მისი პერიოდული რეგრესი პირდაპირ კავშირში იყო ოჯახში კონფლიქტთან ან უსიამოვნო შემთხვევებთან საბავშვო ბაღსა თუ სხვაგან. 
 
მუშაობიდან დაახლოებით 7 თვეში ლუკამ პირველად გაბედა და თქვა:  "მე მინდა...” (მანამდე ის უკვე გველაპარაკებოდა, მაგრამ მხოლოდ მესამე პირში).
 
ამის შემდეგ წინსვლა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, თუმცა პერიოდულად ისევ მეორდებოდა აკვიატებული ფრაზები, ქცევები, უძილობა, ნერვიული რეაქციები...… 
 
ერთხელ ბიჭუნამ ყველა სათამაშო სათითაოდ ჩამოამწკრივა მაგიდაზე: თოჯინები, კუბიკები, მანქანები, ბურთები, დათუნიები...…ყველანი ვისხედით და ვუყურებდით... გრძელი მაგიდა გაავსო და იკითხა: 
- დედა, რა არის ფიქრი?
 
შეკითხვა მოულოდნელი იყო და სანამ პასუხს მოვიფიქრებდით, სწრაფად აურ-დაურია სათამაშოები ერთმანეთში და გამოაცხადა: 
- აი, ეს არის ფიქრი...
 
კიდევ ერთხელ განვცვიფრდით ბიჭუნას შინაგანი განცდებისა და ფიქრების გამოხატვის უნარით. ქაოსი, რომელიც ბავშვმა მაგიდაზე შექმნა, ასახავდა მის ფსიქიკაში არსებულ ქაოსს. ის ჯერ კიდევ ვერ ერეოდა თავის გაუცნობიერებელ ლტოლვებს, გრძნობებს, შიშებს, მაგრამ მას ჩვენი სჯეროდა და ჩვენც მის წინსვლაში ეჭვი არ გვეპარებოდა. 
 
როცა ზაფხული დადგა და ბიჭუნას ავუხსენით, რომ არდადეგებზე მწვანე სახლი იკეტებოდა, მან მოიწყინა და იკითხა: 
- აბა მე რა მეშველება?
შემდეგ სეზონზე მას ბაღის შეცვლა მოუხდა, რადგან ბაღი, სადაც ადრე დადიოდა, დაიხურა. დედის თქმით, ახალმა მასწავლებელმა მასთან კონტაქტი ვერ შეძლო. ლუკა მიტოვებულად გრძნობდა თავს და ამას ისევ სერიოზული რეგრესი მოჰყვა. ჩვენ კი ვაგრძელებდით მუშაობას, ყველა პრობლემას ვუანალიზებდით, ვუხსნიდით. დედა, რომელმაც თავიდანვე ალღო აუღო ჩვენს მიდგომას, სახლში ძალიან ეხმარებოდა. პერიოდულად მასთანაც ცალკე საუბარი გვიხდებოდა, რომ ბავშვთან მუშაობის სტიმული და მისი გამოჯანმრთელების რწმენა არ დაეკარგა. მამას კი შედარებით უჭირდა ბავშვთან ემოციური კონტაქტის დამყარება. ერთხელ მამა ლუკასთან ერთად მაგიდას მიუჯდა და დიდხანს ხატავდა სახლებს, მანქანებს.. ყველაფერს, რასაც ლუკა სთხოვდა... ამის შემდეგ ლუკამ თვითონაც მოინდომა ხატვა. მანამდე, მიუხედავად სწრაფი გონებრივი წინსვლისა, წვრილი მოტორიკა საერთოდ განუვითარებელი ჰქონდა, თითქოს Fფანქარს ხელში ვერც იჭერდა და უცებ, მამასთან ერთად, შექმნა თავისი პირველი ნახატი – დიდი მზე და სახლი... ამის შემდეგ მასთან მუშაობა ფანქრისა და ფურცლის გამოყენებითაც გახდა შესაძლებელი..
 
  შემდეგ წელს, როცა ბიჭუნა 6 წლის გახდა, კერძო სკოლაში შევიდა, სადაც დაწყებით კლასებში საკმაოდ რთულ პროგრამას გადიოდნენ. სკოლაში  წასვლაც ნერვულ დაძაბულობასთან და ძლიერ შფოთვასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ყველაფერი გადაილახა. სკოლაში წასვლის შემდეგ ჩვენთან  ის  უკვე კვირაში ერთხელ, შაბათობით თუ შემოივლიდა ხოლმე. 
 
ახლა ლუკა უკვე 8 წლისაა და  და წელს მესამე კლასში გადავიდა. ის ცოცხალი, მხიარული, კონტაქტური ბიჭია, კარგი გონებრივი განვითარებით. მეტყველებს აბსოლუტურად გამართულად, ნებისმიერ კითხვას პასუხობს არა მარტო ადეკვატურად, არამედ გონებამახვილურადაც კი. მეცადინეობს დამოუკიდებლად.  მეორე კლასის დამთავრების შემდეგ სკოლაში კონკურსი ჩატარდა და ლუკამ პირველი ადგილი აიღო ქართულსა და მათემატიკაში. წარსულს ჩაბარდა ყველა მისი აუტისტური სიმპტომი. კრიზისული პერიოდები უფრო და უფრო იშვიათდება. კრიზისულ პერიოდშიც კი აღარავის მოუვა აზრად, რომ ის აუტისტურ სპექტრს მიაკუთვნოს. 
 
ლუკას შემთხვევა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ მცირეწლოვან ბავშვებში, რაც არ უნდა მძიმედ მოგვეჩვენოს ბავშვის მდგომარეობა, პესიმისტური მოლოდინი ნაადრევია. სისტემატური და სიღრმისეული მუშაობით შესაძლებელია მდგომარეობის არათუ გაუმჯობესება, არამედ სრული ემოციური და მენტალური გამოჯანმრთელება. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუკას არ მიუღია არანაირი მედიკამენტი, არასდროს დაუცავს კვებითი დიეტა, არ გაუვლია სპეციალური სწავლების კურსი და, საერთოდ, მასთან ჩვენს გარდა არავის უმუშავია.
 
ეს  შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფ. დოლტოს  ბავშვთა ფსიქოანალიზის თეორიის მართებულებას, რომელიც ხაზს უსვამს  აუტიზმის წარმოშობაში ემოციური კონტაქტისა და გარემოსთან ადაპტაციის უნარის  დარღვევების  გადამწყვეტ მნიშვნელობას და ამგვარ პაციენტთა მკურნალობისას  ფსიქოანალიზური მიდგომის წამყვან როლს.
 


უკან