Skip to main content

მწვანე სახლი

ფსიქოანალიზი ბავშვებთან

ბავშვთა ფსიქოანალიზი, უფრო ზუსტად ფსიქოანალიზი ბავშვებთან, წარმოადგენს ფსიქიკური ცხოვრების შესახებ ფსიქოანალიტიკური თეორიის, კლინიკური კონცეპტების, ტექნიკისა და მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ფსიქოანალიზის (აგრეთვე ფსიქიატრიის) მიერ დაგროვილი ცოდნის გამოყენებას ფსიქიკური აშლილობების მქონე ბავშვებთან.

ფროიდი ამბობს, რომ ბავშვი არის მოზრდილის მამა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვობის ასაკი, ბავშვის ურთიერთობა მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, მთლიანად გარემოსთან და სოციუმთან, წარმოადგენს მოზრდილის ფსიქიკური სტრუქტურის, რეალობასთან და საკუთარ თავთან მისი ურთიერთობის ფუნდამენტს. ე.ი. ბავშვობა, ბავშვობის ასაკი ფსიქოანალიტიკური თეორიისა და კვლევის მთავარ საგანს წარმოადგენდა იმ პერიოდიდან, როდესაც ფროიდმა უარი თქვა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის არაეფექტურ და ერთგვარად ველურ მეთოდებზე (ჰიპნოზი, შთაგონება, ელექტროთერაპია, ჰიდროთერაპია და ა.შ.) და გადაწყვიტა მოესმინა პაციენტებისათვის.

პაციენტებს უნდა ელაპარაკათ და ფსიქოანალიტიკოსს ესმინა მათთვის. აღმოჩნდა, რომ ზრდასრული პაციენტები საუბრობდნენ საკუთარ ბავშვობაზე, მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის წარსულ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით მატრავმირებელ გამოცდილებაზე, რომელიც განუყოფელ კავშირში აღმოჩნდა ინფანტილურ სექსუალობასთან და ურთიერთობის პირველად, პრიმორდიალურ ობიექტებთან. აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ ფსიქოანალიზი ურთიერთობდა არა უშუალოდ ბავშვებთან, არამედ ბავშვობასთან, რომელიც არსებობას განაგრძობდა მოზრდილი პაციენტების წარსული მოგონებების, სიზმრების, ფანტაზმებისა და სიმპტომების სახით, რომლის გამოც ისინი ფსიქიკურად იტანჯებოდნენ. ასე შეიქმნა ფსიქოანალიტიკური თეორიის ძირითადი კონცეპტები, რომლებიც პაციენტის ფსიქიკურ რეალობას მიყურადებული ანალიტიკოსების მიერ ხანგრძლივი სეანსების განმავლობაში კლინიკურად შემოწმდა და დადასტურდა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში კლინიკაში მომუშავე ფსიქოანალიტიკოსების, ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების მიერ.

ფსიქოანალიზმა საფუძველი ჩაუყარა ფსიქიკური ცხოვრებისა და პათოლოგიის ფსიქოლოგიურ გაგებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება, ფსიქიკური აშლილობა ფსიქიკურად არის დეტერმინირებული და განუყოფელ კავშირშია ოჯახთან, მშობლებთან და ბავშვის პირველად ფსიქოაფექტურ გამოცდილებასთან ოჯახის ფარგლებში.

მაგრამ რას ნიშნავს ფსიქოანალიზი ბავშვებთან, ან ბავშვთა ფსიქოანალიზი?

1909 წელს, ჰერბერტ გრაფი, 5 წლის ბიჭი, ფსიქოანალიზის ისტორიაში პატარა ჰანსის სახელით ცნობილი, მამასთან ერთად მიმართავს პროფესორ ზ.ფროიდს. პატარა ჰანსის მამა ფსიქოანალიზით დაინტერესებული ჟურნალისტია, რომელიც ესწრება ვენის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების შეკრებებს და კარგად ერკვევა ფსიქოანალიზის ძირითად კონცეპტებში. პატარა ჰანსი იტანჯება ფობიური ნევროზით.

იმდროინდელი ვენის ქუჩებში მოსიარულე ცხენებისა და კარეტებისადმი ბავშვის შიში იმდენად ძლიერია, რომ მისი ცხოვრების სრულ ნევროტიზაციას ახდენს. ფროიდი აანალიზებს ბავშვის ურთიერთობებს მშობლებთან, მამასთან, დედასთან, მოსამსახურესთან და ა.შ. ცდილობს გაიგოს ფობიის ფსიქიკური მნიშვნელობა. ანალიტიკურ ინტერპრეტაციებს ფროიდი უშუალოდ ბავშვის მამას უზიარებს, ხოლო მამა გადასცემს ამ ინტერპრეტაციებს ბავშვს და ასრულებს ანალიტიკური შუამავლის როლს ბავშვსა და ფროიდს შორის. პატარა ჰანსის კლინიკური შემთხვევა წარმატებით დასრულდა, ბავშვი განიკურნა ფობიისაგან, ხოლო თავად შემთხვევა ფსიქოანალიზისა და ზოგადად ფსიქოთერაპიის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პრეცენდენტი ბავშვთან ფსიქოანალიტიკური მუშაობისა. თუმცა იმისათვის, რომ ბავშვთა ფსიქოანალიზი შესაძლებელი გამხდარიყო და მისი ინსტიტუციონალიზაცია მომხდარიყო, საჭირო იყო ფსიქოანალიზის ძირითადი ტექნიკური ინსტრუმენტარიის მოდიფიკაცია, მორგება ბავშვის ფსიქიკური ცხოვრებისა და ფუნქციონირების კანონებზე. ფსიქოანალიტიკური მეთოდი კლინიკური მუშაობის ფარგლებში გულისხმობს თავისუფალი ასოციაციების, ზრდასრული პაციენტის სიტყვის, ანალიტიკური სეანსის დროს მონათხრობის, სიზმრების, წარმოსახვისა და ფანტაზმების ინტერპრეტაციას. ასევე სიმპტომის ანალიზსა და ინტერპრეტაციას. ერთი სიტყვით ფსიქიკური მნიშვნელობის მინიჭებას სუბიექტური რეალობისათვის, რომელიც პაციენტისათვის ერთი შეხედვით აზრს მოკლებულია. ტექნიკური სიძნელე, რომელსაც ფსიქოანალიზი წააწყდა ბავშვებთან, იყო მათთან თავისუფალი ასოციაციების (რომლებიც პაციენტებს აქვთ საკუთარ სიზმრებზე, ქმედებებზე და ა.შ.) არარსებობა. ბავშვს არ შეეძლო ფსიქოანალიტიკოსის დივანზე გაწოლილ მდგომარეობაში ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა.

მაგრამ ბავშვს შეეძლო ეთამაშა, დაეხატა, გამოეძერწა ფიგურები და რა თქმა უნდა ესაუბრა კიდეც ფსიქოანალიტიკოსთან, თუმცა მისთვის მისაღებ, მასზე ადაპტირებულ გარემოში. ბავშვთან ფსიქოანალიტიკური ტექნიკა შეიქმნა ბავშვის ფსიქიკური ცხოვრების, ფსიქიკური შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და გარემოსთან ურთიერთობის ინფანტილური სპეციფიკის მკაცრი გათვალისწინებით, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა ფსიქოანალიზს და მეთოდოლოგიას, რომელსაც ფსიქოთერაპიის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე დაინაწილებენ, ნაწილ-ნაწილ დაგლეჯენ სხვადასხვა თეორიები და მიმდინარეობები ფსიქოთერაპიაში, ხშირად ისე, რომ სრულიად დაივიწყებენ თითოეული ამ მეთოდის კონცეპტუალურ და ისტორიულ კავშირს ფსიქოანალიზთან, აგრეთვე მათ კავშირს ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებასთან, რომლის შესახებ ცოდნაც სწორედ ფსიქოანალიზის მონაპოვარია, ანალიტიკური კაბინეტების, ფსიქიატრიული კლინიკებისა თუ მედიკო–ფსიქოლოგიური ცენტრების კედლებში.

ფსიქოანალიზი ბავშვებთან ფსიქოთერაპიული და ანალიტიკური მუშაობის ერთადერთი მეთოდი ხდება მთელს მსოფლიოში. ბერლინში პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, ჰერმინ ფონ ჰუგ–ჰელმუთი, პირველად იყენებს თავის პრაქტიკაში, დღეს დღეობით ესოდენ გავრცელებულ მეთოდს, ნახატის ანალიზს.

საფრანგეთში ამ მხრივ პიონერია სოფი მორგენშტეინი, რომელიც აგრეთვე იწყებს ბავშვებთან ნახატის ანალიზით მუშაობას.

თუმცა ბავშვთა ფსიქოანალიზის ისტორიაში (და ზოგადად ფსიქოანალიზის ისტორიაში) ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მელანი კლაინი (ავსტრიული წარმოშობის ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი) ოცდაათიანი წლებიდან საფუძველს უყრის ბავშვთა ფსიქოანალიზს, რომლისთვისაც ბავშვებთან მუშაობის მთავარ მეთოდს წარმოადგენს თამაშის ანალიზი და უპირისპირდება ანა ფროიდს, ზ. ფროიდის უმცროს ქალიშვილს, რომელიც აგრეთვე მიუძღვნის მთელ თავის შეგნებულ ცხოვრებას სწორედ ბავშვთა ფსიქოანალიზს. ანა ფროიდი ბავშვებთან მუშაობის შედეგად დაწერს წიგნს „ეგოს დაცვის მექანიზმები“ და გაამდიდრებს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება ბავშვის ჯერ დაუსრულებელი, ჩამოუყალიბებელი მე არაცნობიერი ტენდენციების, ლტოლვებისა და მშობლების პროექციის შემოტევებს. მელანი კლაინი ბავშვის გარემოსთან და პირველად ობიექტებთან ურთიერთობის შესწავლით პარანოიის, დეპრესიული პოზიციისა და შიზოფრენიის ფსიქიკურ დეტერმინაციაზე გაამდიდრებს ფსქოანალიზისა და ფსიქიატრიის ცოდნას.

ინგლისში, უდიდესი ფსიქოანალიტიკოსი და პედიატრი, მელანი კლაინის თანამებრძოლი დონალდ ვუდს ვინიკოტი გაამახვილებს ყურადღებას ჩვილი ბავშვის ფსიქო–აფექტურ განვითარებაზე და თავის შრომებს მიუძღვნის დედის ფიგურას, დედის როლს ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში.

ფრანსუაზ დოლტო, მოდ მანონი (რომლის მიერ პარიზში დაარსებული ასოციაციის ეგიდითაც არსებობს თბილისში მწვანე სახლი), რენე დიატკინი, სერჟ ლებოვიცი, ჟაკ ლაკანი და სხვანი მოახდენენ ბავშვთა ფსიქოანალიზის ინსტიტუციონალიზაციას, შექმნიან ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის ანალიტიკურ კლასიფიკაციას და განსაკუთრებით გაამდიდრებენ ცოდნას ბავშვთა ფსიქოზებზე და აუტიზმზე. ინგლისელ კოლეგებთან ერთად მოახდენენ ანალიტიკური ტექნიკის ადაპტაციას ფსიქოტიკი ბავშვებისათვის და ფსიქოანალიზს, როგორც მეთოდს საბოლოოდ დანერგავენ საფრანგეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, მედიკო–ფსიქოლოგგიურ და პედაგოგიურ ცენტრებში და ზოგადად საფრანგეთის რესპუბლიკის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად აქცევენ მას.

ბავშვთა ფსიქოანალიზი წარმოადგენს თეორიულ შენობას, აგრეთვე პრაქტიკული წესებისა და მეთოდების ერთობლიობას, რომელიც ფლობს ყველაზე მეტ ცოდნას ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაზე და უფლებას იტოვებს თავი მოიწონოს ყველაზე ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილებით ბავშვებთან ანალიტიკური და ფსიქოთერაპიული მუშაობის საქმეში. ბავშვთა ფსიქოანალიზი ბავშვს განიხილავს, როგორც სიმპტომისა და ტანჯვის სუბიექტს, რომლის ქმედება, სიტყვა, თამაში, ნახატი, გამოძერწილი ნივთები და ა.შ. (ანალიტიკურ სივრცეში ფსიქოანალიტიკოსთან), წარმოადგენს გზავნილს (ანალიტიკოსისთვის), რომელიც გაჯერებულია ფსიქიკური მნიშვნელობებით და აღწერს ბავშვის ურთიერთობას მშობლებთან, ბავშვის განდევნილ სურვილებს, ტრავმატიზმებს, ფსიქო–აფექტური და ფსიქო–სექსუალური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მის მიერ განცდილ მარცხს და ბავშვის მეს თავგანწირულ მცდელობებს თვითგადარჩენისა და ინტეგრაციისათვის ბრძოლაში. ანალიტიკოსის მოვალეობას წარმოადგენს ამ გზავნილების ინტერპრეტირება ბავშვისათვის გასაგებ ენაზე, მათთვის აზრის მინიჭება, მათი ინტეგრაცია და ასიმილაცია ბავშვის ცნობიერ ფსიქიკურ ცხოვრებაში და ამგვარად ბავშვის განთავისუფლება ტრავმატიზმებისა და შინაგანი ფსიქიკური უსუსურობისაგან, მოუმწიფებლობისაგან, რომელიც ამ უკანასკნელს ფსიქოანალიზის გარეშე სიმპტომისა და პათოლოგიის ტყვედ აქცევდა სამუდამოდ.