მწვანე სახლი

თერაპიული ჯგუფი 0-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის

ფ. დოლტოს La Maison Verte – ის მოდელის მიხედვით
ეს მომსახურება გულისხმობს ბავშვებისა და მათი მშობლების (ან ოჯახის სხვა წევრების) ერთდროულად მიღებას ერთ სივრცეში, სადაც ბავშვებს თავისუფალი სათამაშო გარემო ხვდებათ, მშობლებს კი შეუძლიათ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრონ და სპეციალისტებისგან საჭირო რჩევა თუ რეკომენდაცია მიიღონ შვილებთან ურთიერთობისა და მათი აღზრდის შესახებ. მოსულებს, ჩვეულებრივ, 3 სპეციალისტი მასპინძლობს (ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ადრეული განვიტარების სპეციალისტი და სხვ.), რომლებიც ერთის მხრივ, ბავშვებს თამაშსა და კომუნიკაციაში ეხმარებიან, მეორეს მხრივ, უსმენენ მშობლებსაც და ბავშვებს. იმ ბავშვებსაც, რომლებმაც ჯერ ლაპარაკი არც იციან, მაგრამ სხვადასხვანაირი ფორმით გამოხატავენ საკუთარ განცდებსა და სურვილებს.  
 La Maison Verte-ის მიზანი ბავშვის ხელშეწყობაა პიროვნულ, ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ განვითარებასა და სოციალიზაციაში. აქ ბავშვი საკუთარი სურვილებისა და ემოციების მისაღები ფორმით გამოხატვას სწავლობს, სოციალურ წესებს, სხვებთან თამაშს, ურთიერთობას ეჩვევა, რაც შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღში ადაპტაციაში ეხმარება. ეს სერვისი ერთგვარი შუალედური რგოლია ოჯახსა და საბავშვო ბაგა-ბაღს შორის. 
სპეციალისტები მშობლებსაც ეხმარებიან შვილების აღზრდისა და მათთან ურთიერთობის საკითხებში. აქ მშობლები მარტო აღარ არიან რუტინულ ყოველდღიურობასთან პირისპირ, სპეციალისტებისგან რჩევებს, ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და მხარდაჭერას იღებენ. აქ საკუთარ შფოთვაზე და წუხილებზეც შეიძლება საუბარი, რომ შვება მიიღონ და მათი გამკლავება გაუადვილდეთ. La Maison Verte “იმიტომ შეიქმნა, რომ ბავშვებს დაბადებიდანვე მიეცეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალება, ხოლო მშობლები ადვილად გაუმკლავდნენ იმ ყოველდღიურ სიძნელეებს, რომლებიც შვილებთან ურთიერთობისას იჩენს თავს” – წერდა ფრანსუაზ დოლტო, ცნობილი ფრანგი პედიატრი, ბავშვთა ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი. სწორედ მან გახსნა პირველი (La Maison Verte) 1979 წელს პარიზში, შემდეგ კი ეს მომსახურება მთელ ფართოდ გავრცელდა. დღეს მსოფლიოში 300 ზე მეტი მწვანე სახლი ფუნქციონირებს.
  
„მწვანე სახლის“ სპეციფიური მიღების წესი და თერაპიული მიდგომა რომ შედეგიანია და ბავშვისა და დედის ემოციურ მდგომარეობას, ურთიერთდამოკიდებულებას აუმჯობესებს, ბავშვის პიროვნულ და სოციალურ განვითარებას რომ უწყობს ხელს, იმ არაერთმა კვლევამაც დაადასტურა. რომლებიც სხვადასხვა პერიოდში საფრანგეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩატარდა. კვლევებით დადასტურდა, რომ ბავშვებს, რომლებიც სისტემატურად დადიოდნენ „მწვანე სახლებში“, აღარ უჭირდათ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ადაპტაცია, უკეთ ჰქონდათ განვითარებული სოციალური უნარები, სოლიდარობის გრძნობა, არ უჭირდათ წესების დაცვა, იყვნენ უფრო ავტონომიურები, კომუნიკაბელურები, თანამგრძნობნი ტოლების მიმართ, ადვილად უმკლავდებოდნენ მარცხს, თანატოლებისგან გამოირჩეოდნენ ყურადღების კონცენტრაციის უკეთესი უნარით, მრავალფეროვანი ინტერესებით და სხვ.
მსოფლიოში გავრცელებული მწვანე სახლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი უფასო მომსახურებაა. როგორც ფ.დოლტო ამბობდა, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ ყველა ოჯახმა შეძლოს დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება მაშინ, როცა პატარა ჰყავს და ეს ძალიან სჭირდება.