მწვანე სახლი

მოძრაობის (ცეკვის) თერაპია

მოძრაობის (ცეკვის) თერაპია არის ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც მოძრაობის მეშვეობით ინდივიდს ეხმარება ემოციურ, სოციალურ და კოგნიტურ ინტეგრაციაში, რაც ამავე დროს დადებითად აისახება ზოგად ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
 ეს თერაპია შექმნა ქორეოგრაფმა და მოცეკვავემ- მარიან ჩასემ 1942 წელს ამერიკაში. ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, უკანასკნელ წლებში ჩატარებული ბევრი კვლევა ცხადყოფს, რომ ის ძალიან ეფექტიანია სხვადასხვა ფიზიკურ თუ მენტალურ დაავადებათა სამკურნალოდ; მათ შორის: დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების, აუტიზმის, პარკინსონის, დემენციის, პოსტტრავმატული აშლილობების და ონკოლოგიური დაავადებებისთვისაც.
ცეკვის თერაპია, თავისთავად არ გულისხმობს ცეკვის ილეთების სწავლას, ეს სრულიად იმპროვიზაციული ტექნიკაა, სადაც პაციენტის იმპულსი თერაპევტმა უნდა აქციოს მის მაკურნებელ ძალად და მისცეს მიმართულება. თერაპევტი პაციენტს საშუალებას აძლევს იმოძრაოს შინაგანი იმპულსის შესაბამისად. დგება კავშირი თერაპევტსა და პაციენტს შორის, სადაც თერაპევტი სრულად გამტარებელია იმ ემოციებისა, რასაც პაციენტი განიცდის მოძრაობების შესრულების დროს. 
2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, ცეკვის თერაპიის კურსის გავლის შემდეგ ბევრად უკეთ გრძნობდნენ თავს. უმჯობესდება ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა, მაღლდება თვითშეფასება, შფოთვის ზოგადი დონე იწევს დაბლა.
ცეკვის თერაპიის საშუალებით წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა კვებით აშლილობებსაც. ასევე ეს მეთოდი მუშაობს იმ პაციენტებთან, ვისაც აქვს გადატანილი ტრავმა და ამაზე საუბარი უჭირთ. ცეკვის თერაპიის მეშვეობით ისინი ახერხებენ ტრავმისაგან განთავისუფლებას ამ ტრავმის ხელმეორედ განცდის გარეშე. 
 ბოლო წლებში სხვადასხვა სახის ფსიქიკური დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობენ ამ მეთოდით, მათ შორის აუტიზმისა და ADHD-ს შემთხვევებში. 
ცეკვის თერაპიას არ აქვს უკუჩვენება და გართულებები, არ მოითხოვს წინასწარ რაიმე სახის ფიზიკურ მომზადებას, ის თანაბრად ეფექტიანია როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულებისთვის.