უაღრესად შთამბეჭდავი იყო ბრუნოს გამოჩენა. მშვენიერ, ელეგანტურ, მაგრამ ცოტა გაბღენძილ ახალგაზრდა ქალს –ბრუნოს დედას, ცალი ხელით საბავშვო ეტლით ბრუნო მოჰყავდა, მეორე ხელი ლუისისთვის, თავის 2 წლის ძმისშვილისთვის ჩაევლო, რომელიც მის ხელს მთელი ძალით თავისკენ ექაჩებოდა. შემოსვლისთანავე ბრუნოს დედა სავარძელში ჩაჯდა, ეტლი უკან მიიდგა. მოულოდნელად წამოხტა და ბავშვების გახდა დაიწყო. შემდეგ ჩამოჯდა, ბრუნო წინ დაისვა და საქსოვი ჩხირები ამოიღო. „–მე ზანტი არა ვარ, არ შემიძლია უსაქმოდ გაჩერება“ – თქვა და აგრესიულად გადახედა სხვა მშობლებს, რომლებიც „არაფერს აკეთებდნენ“.
ყოველ მოსვლაზე ის ქსოვდა, ბავშვებს ეთამაშებოდა და სხვა მშობლებს ესაუბრებოდა. ყოველ დილას ბრუნოს დედა მშობლების დარიგებით იწყებდა, ბრუნო კი საბავშვო ეტლში იჯდა. ხანდახან დედა სწრაფად მიირბენდა მასთან და დახედავდა. ამ ყველაფერს თავისებური აგრესია ახლდა.
ეტლში ბრუნოს სათამაშოები ჰქონდა. ის გამოპრანჭული და ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, მომხიბლავი მოძრაობებით, მაგრამ ძალიან სევდიანად გამოიყურებოდა. ბევრი უნდა გელაპარაკა, რომ გაეღიმა. თუმცა ადამიანებსაც უყურებდა და სათამაშოებსაც, მოსწონდა, როცა უახლოვდებოდნენ. რაღაცნაირად მტანჯველი იყო 7 თვის პატარას სევდა.
ბრუნოს დედა ბავშვის მოწყენილობის მიზეზებზე ალაპარაკდა. საუბრობდა ცოცხლად, ყოველგვარი დეპრესიის გარეშე. „სულ არ სძინავს“, – ამბობდა ის, „– ჰა, ჰა, დღეში ერთი საათი დაიძინოს. ღამღამობითაც გვაღვიძებს. კიდევ უარესი, საჭმელსაც უარობს და ცუდად ჭამს, უმადოა.“ ამ ინტერპრეტაციამ ძალიან გაგვაოცა. სხვა დედა ამას სხვანაირად იტყოდა: “– მგონი კბილების გამო, მგონი რამე ტკივა… არ ვიცი.. ან იქნებ რამე დაგვინიშნოთ“. ბრუნოს დედა კი აგრძელებდა: „– ყველაფერი ვცადეთ, ცუდი მშობიარობა მქონდა, ბრუნოს იმედი არ მაქვს“. სულის შემძვრელ ფაქტებს ჰყვებოდა. თურმე მშობიარობის შემდეგ, სახლში დაბრუნებულს, სეფსისი განუვითარდა. სააავადმყოფოში გადაიყვანეს, სიკვდილის პირას იყო, ექიმებს ისე ეშინოდათ, რომ წუთით მარტო ვერ ტოვებდნენ… –„ეს კოშმარი იყო…“ ამ ამბავს სხვა მშობლებთანაც ხშირად ჰყვებოდა…
ბრუნო კვირაში ექვსი დღე დადიოდა ჩვენთან. 3–4 საათს რჩებოდა. ლუისი აღარ დაჰყავდათ, რადგან საბავშვო ბაღში მიაბარეს.
ბრუნოს დედა სხვა დედებთან ლაპარაკობდა და კამათობდა. კითხვებს სვამდა და ხშირად გაკვირვებასაც გამოხატავდა: „–როგორ, თქვენ ამას არ უკრძალავთ? წყალში წინსაფრით უნდა ითამაშოს“ (ეს ჩვენი წესია, რომელსაც ბრუნოს დედა ეთანხმებოდა), „ბავშვებისთვის მორჩილება საჭიროა, ჩვენ მათ მორჩილებას ვასწავლით“…
ბრუნომ სიარული მალე ისწავლა. დედაც აქეზებდა: „–მოდი ჩემთან“, –„ჩემსკენ, ჩემო პატარავ, ჩემსკენ“. 8 თვის ბრუნოს სააათობრივი განრიგით აჩვევდნენ ქოთანს. სიარულის სწავლაც 8 თვისამ დაიწყო, როცა დედამ ფეხსაცმელები ჩააცვა. 9 თვისა უკვე დადიოდა. ბრუნოს დედა საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და შვილს აქეზებდა: „–მინდა დამოუკიდებელო იყოს. არ მინდა იმპოტენტი შვილი“. ბრუნო მართლაც კარგად განვითარებულია. ჩვენ გვესმის, რომ დედას უნდა, ამ ჰიპერაქტიურობით გაექცეს საკუთარ ცხოვრებისეულ ჩიხს, მას წარმატება ჭირდება. მისთვის ბრუნო– ჩვილი ტვირთია. ეს ქალი ოცნებობს სულ სხვა რამეზე. ჩვენ ეს გვესმის.
რატომ დადის ჩვენთან? რა ხდება აქ მისთვის და მისი შვილისთვის? შეიძლება ძალიან პატარა საცხოვრებელი ბინა აქვთ, ან ძალიან უქეს აქაურობა… თუმცა უფრო ფუნდამენტურ მიზეზებზეც შეიძლება საუბარი: ჩვენ ყოველთვის გულთბილად ვხვდებით, აქ თავისი კუთვნილი ადგილი აქვს. ერთხელ თქვა კიდეც: „–მე თქვენთან თავს კარგად ვგრძნობ, “. აღზრდის მეთოდებს არ ვუსწორებთ, გვესმის მისი სურვილებისა. ბრუნოსა და შანტალს (რომლის ძიძადაც დაიწყო ბრუნოს დედამ მუშაობა), ყოველთვის გულთბილად ვხვდებით. ყოველ მოსვლაზე გაოცებული რჩებოდა ბრუნოს დედა: –„ნუთუ შეიძლება 7 თვის ბავშვს ისე ელაპარაკო, როგორც კაცს? ნუთუ შეიძლება შანტალს ჰკითხო, როგორ ხარ, მადმუაზელ?“ შანტალი ბრუნოს დედას დედას ეძახდა. ჩვენ მას ვუთხარით „შანტალ, შენ დედას ბრუნოს დედას ეძახი, ის შენ ძალიან გიყვარს… . “ ხშირად, როცა ბრუნოს დედა შანტალთან იყო, ჩვენ მის მშობლებს მოვიკითხავდით ხოლმე. შანტალის გასაგონად ვლაპარაკობდით მის მშობლებზე.
ბრუნოს დედამ თქვა, რომ შანტალი ძალიან უყვარს. თქვა, რომ ცხადია, უყვარს ბრუნო, მაგრამ ძალიან უნდოდა, გოგო ჰყოლოდა. ბრუნოს მამაც გიჟდებოდა შანტალზე და ისიც უთქვამთ, რომ სიამოვნებით იშვილებდნენ მასაც. ჩვენ ვისმენდით ფრაგმენტს ოჯახური რომანიდან. როგორი პატარა გოგოს გაზრდა უნდა ბრუნოს დედას? იჭერს თუ არა ბრუნოს დედა ამ გოგონას მშობლების ადგილს??
ბრუნოს დედა ამბობდა: „– ძალიან მიყვარს პუტკუნა ბავშვები. შანტალი ყოველთვის ყველაფერს ჭამს, ბრუნო კი დაბადებიდანვე გულს ირევს. მიყვარს ბავშვები, რომლებიც კმაყოფილები არიან.. ბრუნოს არ აქვს მადა, მესამე კოვზზე თავს აბრუნებს, ღამეც არ სძინავს… „პედიატრმა სიროფი მომცა, მაგრამ ამაოდ“.
ბრუნოს დედა რჩევებს სხვა დედებს ეკითხებოდა. ჩვენ არაფერს ვურჩევდით, მხოლოდ ვუსმენდით და თანავუგრძნობდით.
ჩვენი ინსტიტუცია თამაშის ადგილია, სადაც ყველა მომსვლელს საკუთარი სტრუქტურული სურვილი აქვს (ვინიკოტი „თამაში და რეალობა“). 10 თვის ბრუნოს აქ მოსვლა ძალიან უყვარდა. ის ისევ სერიოზული ბავშვი იყო. ბევრს თამაშობდა ჩვენთან. ხანდახან თამაშის დროს საკუთარ სურვილებს გამოხატავდა. თამაშში ბრუნოს დედასაც ვრთავდით. ბრუნოს დედაც „მიირთმევდა ყავას“, რომელსაც შანტალი სათამაშო ჭურჭლით მიუტანდა ხოლმე. ის პასუხობდა იმ ბავშვებს, რომლებიც მუყაოს ყუთის დარაბიდან ყვიროდნენ – „ჭიტაა“. ისიც ეძებდა დამალულ ბრუნოს. ეს თამაში ყველას ერთმანეთთან გვაკავშირებდა –დედას და ბრუნოს, შანტალს, დედას და ჩვენ… მოულოდნელად ის თავის ბიჭს მაგრად ჩაიხუტებდა და ეუბნებოდა: „შენ ხარ ბრუნო, ჩემი ბრუნო, მარტო ჩემი“. ამ დროს ბრუნო დედის გრძნობების ობიექტად იქცეოდა, თავს ცუდად გრძნობდა, გული ერეოდა. დედა ჩახუტებას წყვეტდა.
ახლა ბრუნო 14 თვისაა. ხანდახან ისევ მოდის. დედამისს საქსოვ–საკერავი აღარ მოაქვს. ჩვენთან სოციალურ– კულტურული მრავალფეროვნებაა და ბრუნოს დედას სხვა დედები, სხვა მამები აინტერესებს. ის ცნობისმოყვარეა, კითხვებს სვამს, კომენტარს აკეთებს, ლაპარაკობს საკუთარ გემოვნებაზე. ის ბევრს კითხულობს, ძირითადად რომანებს. უნდა, რომ მისმა ვაჟმა ისწავლოს, დროზე შევიდეს სკოლაში. ის დანანებით ამბობს – „ჩემს ოჯახში არ აგრძელებდნენ სწავლას“.
ერთხელ დაქანცული მოვიდა. გვითხრა, რომ ქმარი ავად ჰყავს. მისი ქმარი თურმე საუკეთესოდ სწავლობდა. ახლა უკვე მუშაობდა. თანასოფლელები იყვნენ. ბრუნოს დედამ თქვა: „მე მქონდა კარგი ოჯახი, დედას უნდოდა, კარგი განათლება მიგვეღო, ჩემი ქმარი ახლა დაუძლურებულია, ტყუპი ძმის გარდაცვალების შემდეგ სმა დაიწყო“. ეს ამბავი მძიმე მოსასმენი იყო, დედა ყველას უყვებოდა ამას. ჩვენთან ხომ ის ადგილია, სადაც დეპრესიიდან გამოსვლის შანსი გაქვს.
დროგამოშვებით მამაც დადიოდა ჩვენთან, ცოლს ენაცვლებოდა დღის ბოლოს. ერთად არასდროს რჩებოდნენ. ის უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ნელი ლაპარაკი და მანერები ჰქონდა, უეჭველად მედიკამენტების გამო. ბრუნოს მამის დანახვა უხაროდა და ჩვენ კომენტარს ვაკეთებდით: „როგორი კმაყოფილი ხარ, მამა რომ მოვიდა შენთან“. მამა ცდილობდა ბრუნოსთან თამაშს, მაგრამ ტანჯვით აკეთებდა ამას. ძალიან ნელი იყო, ბრუნო კი ძალიან მოუსვენარი. ჩვენ სამშენებლო თამაშებს ვთამაშობდით, ვაშენებდით გზებსა და გარაჟებს. ბრუნოს მამა ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ჯდებოდა, პატარა კედლის უკან. მის მოსვლას ბავშვები ყოველთვის ინტერესით ხვდებოდნენ, რადგან უმეტესად დედებს ხედავდნენ. ჩვენ ვამბობდით: „ეს ბრუნოს მამაა“, ბრუნო ინტერესით ისმენდა, მას რომ ვესაუბრებოდით. ამ დროს ბრუნოსთვის მამა იყო ის კაცი, რომელიც სხვებს აინტერესებთ. ბავშვებს მამები ყოველთვის აინტერესებთ. ერთხელ ერთმა ამერიკელმა მამამ ბავშვები დააფეთა, როცა თქვა: _“მეშინია, საფრანგეთი და ყველაფერი ფრანგული შიშს მგვრის“. ბავშვებს ხომ მამები უშიშრები ჰგონიათ (არა მარტო საკუთარი).
ბრუნო 18 თვის იყო, როცა დედამისმა გვითხრა, რომ გაყრას აპირებს. ჩემმა კოლეგამ თქვა, :–„ როგორც წესი, ავადმყოფობის დროს ქმრებს არ მიატოვებენ ხოლმე“ . ამ პერიოდში ბრუნოს მამა საავადმყოფოში იწვა. ჩვენ ის მეტი აღარ გვინახავს. წყვილი გაიყარა. 2 წლის ბრუნო ჩვენთან სიარულს აგრძელებდა. დედამისი შანტალს აღარ უვლიდა. გაყრისთანავე შანტალის მშობლებმა უარი თქვეს განქორწინებულ ძიძაზე და შანტალი დაუმშვიდობებლად წაიყვანეს. მართალია, განქორწინებამ მშვიდად ჩაიარა, და ბრუნოსთვის არაფერი დაუმალავთ, ბრუნომ თამაში მაინც შეამცირა. მოწყენილი ჩანდა. ბრუნოსა და დედამისს ველაპარაკებოდით გაყრაზე, განქორწინებასა და მამაზე, რომლის ამბები დედა–შვილმა აღარ იცოდა.
ერთ დღეს ბრუნო პატარა ურიკით მოვიდა… სიმონის მამა დაინახა, რომელიც შვილს მუხლებზე ახტუნავებდა და შეჩერდა .. . ბრუნოს შევხედე და ვუთხარი: –„პატარა რომ იყავი, შენც მოგყვებოდა მამა და გეთამაშებოდა“. სიმონის მამამ ჩემი სიტყვები გაიგო და თქვა: „–რა კარგია, ეს მამების კუთხე ყოფილა“. „–დიახ“ – ჩაილაპარაკა ბრუნომ და თამაში განაგრძო.
ჩვენთან მშობლები ერთმანეთს ხშირად ეხმარებიან. ერთმანეთის შვილებს ეხმარებიან. ჩვენ ბრუნოსა და დედას ისევ ყოველდღიურად ვმასპინძლობდით. დედას მუშაობა უნდოდა და გასაზრდელად ბრუნოზე უფროსი გოგონა აიყვანა. ორწლინახევრის ბრუნომ ბაღში ნახევარ განაკვეთზე სიარული დაიწყო. ამის შემდეგ ისინი ნახევარი საათით შემოივლიდნენ ხოლმე.
დრო გადიოდა. როცა ბრუნო 3 წლის გახდა, დედამისი შეხვდა მამაკაცს, ვისთან ერთადაც ბინა იქარავა. ეს კაცი არქიტექტორი იყო. კონკურსი ჰქონდა მოგებული და პროექტს ახორციელებდა. შემდეგ უკვე ბავშვს ელოდებოდნენ და უფრო მოზრდილ ბინაში გადავიდნენ. მეგობარმა მამაკაცმა ბრუნო და მისი დედა თავის მშობლებს წარუდგინა. დედა–შვილი კარგად მიიღეს. ეს ყველაფერი კეთილ ფერიაზე ზღაპარს მაგონებდა.
ამ პერიოდში ბრუნოს მამა პარიზში იმყოფებოდა და ბრუნოსთან შეხვედრა მოითხოვა. ბრუნო და დედამისი ბაღის მერე დადიოდნენ ჩვენთან. ბრუნოს დედა კულინარიით იყო გატაცებული და წიგნებით ხელში დადიოდა.
ბრუნო დედისგან მოშორებით თამაშობდა ხოლმე. ბალიშებისგან ორიგინალურ კოშკებს აშენებდა. ერთხელ ურიკას აგორავებდა და წაიქცა. ადგომა არ უცდია, იწვა. ჩემმა კოლეგამ ჰკითხა: „–მოკვდი? დაჭრილი ხარ?“ მან არ უპასუხა. –„უი, მგონი სუნთქავ“… ბრუნომ თვალი გაახილა და გაიცინა: „–ესეც ასე, მე გამოვჯანმრთელდი“. ბრუნომ ეს თამაში 20–ჯერ კვირის განმავლობაში მაინც გაიმეორა. რისი სიმბოლო იყო ეს? სხვადასხვა ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. დედის გასუქების პრიმიტიული სცენა, (დედა ფეხმძიმედაა), უბედური შემთხვევა თუ საკუთარი ისტორია?.. ბრუნოსთან ხშირად მამინაცვალი მოდიოდა. ბრუნო მას მამას ეძახდა. დედა ყვებოდა ახალ დედამთილზე: „– კარგი ქალია, გიჟდება ბავშვებზე, ბრუნოს კარგად აღზრდილად თვლის, ეთამაშება. დედაჩემს არ უყვარდა ბავშვები, ჩვენთვის მძიმე ქალი იყო. ახლა ჩემთან დედაჩემიც მოდის, ნამცხვრები მოაქვს“
მეორე შვილის დაბადების შემდეგ დედა ქმართან და ბრუნოსთან ერთად მალევე მოვიდა ჩვენთან. კვირაში 2–3 ჯერ დადიოდა. ისეთივე აქტიური იყო, მაგრამ ამჯერად ჩვილთან მშვიდად ურთიერთობდა. –„უკვე ვიცი, შენ როგორ უნდა მოგიტანო სარგებლობა“ – ეუბნებოდა მას.
როცა ჩვილი 4 თვის გახდა, ოჯახი სხვაგან გადასახლდა ქმრის სამსახურის გამო. გამგზავრებამდე ბრუნოს დედამ გვითხრა: –„როგორ გააკეთეთ ასეთი მომსახურება? ჩემი ქმარი ახალ ქალაქს აშენებს. იქნებ ასეთი ადგილი იქაც გააკეთოს. მეც მივეხმარები.“
პრევენციაზე მუშაობის პერიოდში ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. ამ შემთხვევაში ის, რომ ბრუნოს მამა არ იყო გამოჯანმრთელებული, ის, რომ ოჯახი გაიყარა. ფაქტია, რომ ბრუნოს ღებინება მოსვლისთანავე შეუმცირდა, მადის დაბრუნებას კი დრო დასჭირდა. მშვიდად ძილისთვის კი თითქოს მშობლების გაყრას ელოდებოდა.
ჩვენ ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს ჩვენს როლზე ამ ოჯახის ისტორიაში. ნეტა ჩვენთან საუბრები ხომ არ გახდა ბრუნოს დედისთვის განქორწინების მიზეზი? ჩვენ ხომ არ ვუბიძგეთ მას ამისკენ?
მეორეს მხრივ, ფაქტია, რომ ანალიტიკოსების მუშაობამ შედეგი გამოიღო. დიდი იყო საფრთხე, რომ ბრუნო ტრავმირებული დარჩენილიყო. მას შინაგანი განხეთქილება ჰქონდა დედასთან, მამასთან, შანტალთან. განსაკუთრებით ამ უკანასკნელთან. ბრუნომ თავიდან აირიდა დეპრესია, რომელიც დედას უკავშირდებოდა რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ანორექსია.
