შიო (სახელი შეცვლილია) ზუსტად 3 წლის იყო, როცა დედამ ჩვენთან მოიყვანა. მანამდე გამოკვლევებზე იყო, ერთ ცენტრში აუტისტური სპექტრი უთხრეს, მეორეში – აუტიზმი. სხვაგან არ უვლია, პირდაპირ ჩვენთან მოვიდა.
პირველ შეხვედრაზე ბავშვი მშვიდად იყო, ცდილობდა, დედას არ მოსცილებოდა. მე არ დამეკონტაქტა, მაგრამ სათამაშოებმა დააინტერესა. არ ლაპარაკობდა, ძალიან „მიწებებული“ იყო დედაზე და ჰქონდა ბევრი აკვიატებული და რიტუალური ქცევა.
შიო ერთადერთი შვილია, დაიბადა ფიზიოლოგიურად, ჯანმრთელი. თავიდან კარგად ვითარდებოდა, დედის თქმით, თავის ასაკს უსწრებდა კიდეც. დაახლ. 1 წლის შემდეგ შეამჩნიეს თავისებური აკვიატებები, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, იფიქრეს, რომ ასაკთან ერთად გაივლიდა, თუმცა პირიქით მოხდა. აკვიატებები ძლიერდებოდა და ბავშვს თუ სურვილს არ შეუსრულებდნენ, ისეთ ტირილსა და ყვირილს იწყებდა, რომ ვერ უძლებდნენ. ქუჩაშიც იგივე მეორდებოდა. თუ ძუძუს მოინდომებდა, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, უნდა ეჭამა, თუ მიმართულება არ მოეწონებოდა, უნდა შეეცვალათ და ა.შ. დედის მკერდზე ეძინა, გადაწვენასაც ვერ ახერხებდნენ. მოკლედ, პატარა მბრძანებელი გახდა ოჯახში.
დავიწყეთ თერაპია. კვირაში ერთხელ ინდივიდუალურ თერაპიაზე დადიოდა. სამჯერ ჯგუფში, დედასთან ერთად. თითქმის მთელი პერსონალი ვაკვირდებოდით და ვმუშაობდით მასთან. თავიდან ახლოს არავის გვიშვებდა, ხელს თუ დავადებდით, განწირულ ყვირილს იწყებდა. არც ბავშვებს იკარებდა. არც რბილ სათამაშოებს. პლასტელინისა და ტყლარწის დანახვაზე ზიზღს გამოხატავდა. თუ ახლოს მივუტანდით, ისევ განწირულ ყვირილს იწყებდა. ერთი საყვარელი და აკვიატებული თამაში ჰქონდა – დივანზე ადგილს მოისუფთავებდა, ბალიშებს დააწყობდა და პატარა მანქანას დაატარებდა დივანსა და ბალიშებზე აღმა-დაღმა, მარჯვნივ-მარცხნივ. ხელის შეშლას კი არა, იქვე ჩამოჯდომასაც თუ შეეცდებოდა ვინმე, გაუთავებელი ყვირილითა და ტანტრუმით პასუხობდა.
2-3 თვე ვაკვირდებოდით ამ თამაშს. აღმოვაჩინეთ, რომ ეს ქმედება მთლად ერთგვაროვანი არ იყო. მანქანა, რომელსაც ატარებდა, ყოველთვის ერთიდაიმავე გზას არ გადიოდა. დედისგან ვიცოდი, რომ მაღალმთიან რეგიონში სოფელი ჰქონდათ, სადაც ზაფხულს ატარებდნენ და სადაც სამივეს- დედასაც, მამასაც და შიოსაც უყვარდათ ყოფნა. მანქანით დადიოდნენ იქ. ბალიშებმა, რომელსაც შიო საგულდაგულოდ აწყობდა დივანზე და მერე ფრთხილად აჰყავდა ზედ მანქანა, მთების ასოციაცია გამიჩინა. ჰოდა ერთხელაც ვკითხე, „სად მიდის შენი მანქანა?“ სოფელში? (სოფლის სახელი ვთქვი, რომელსაც აქ არ ვწერ). „დიდი მთებია იქ ხო, კარგია იქ?“ და.. შიო მოტრიალდა , პირველად შემომხედა კარგად, გახარებულმა, ღიმილით, -„ძლივს არ მიხვდიო“ – გამომეტყველება ამას გამოხატავდა. საინტერესო იყო, რომ ამის შემდეგ საგრძნობლად მოუკლო ამ თამაშს და ბოლოს შეწყვიტა. მოსვლითაც უფრო კმაყოფილი მოდიოდა. სახლშიც სხვა სათამაშოებით უფრო დაინტერესდა.
სეპარაცია დედისგან – აი კიდევ ერთი რაზეც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობდით. არასდროს ძალით არ გაგვიყვანია დედისგან. თუ უნდოდა, შეეძლო მთელი საათი დედის კალთაში მჯდარიყო. უბრალოდ, არც ამ დროს ვტოვებდით მარტო და ერთ-ერთი ჩვენგანი სულ ელაპარაკებოდა დედაზე, მამაზე, თავის სხეულზე. იშვიათად თუ გავიდოდა დედა ოთახიდან და თუ შიო დედას ვერ დაინახავდა, კისრისტეხით გარბოდა ოთახიდან, მივარდებოდა ტუალეტის კარს (იქ ეგულებოდა დედა), ეჯაჯგურებოდა, აბრახუნებდა, ყვიროდა, თუ ხელს მოვკიდებდით, ძირს ეხეთქებოდა, წამოვარდებოდა, ისევ ეხეთქებოდა, სიმწრისგან სულ ოფლში ცურავდა… დედამ თქვა,რომ იგივეს აკეთებდა სახლშიც და იძულებულს ხდიდა, რომ ტუალეტში შეეყვანა. ვთხოვეთ, რომ აღარ მოქცეულიყო ასე, მხოლოდ წინასწარ გაეფრთხილებინა და მერე იქიდან გამოპასუხებოდა- „აქ ვარ, ახლავე მოვალ, დამელოდე“… „მწვანე სახლში“ კი მასთან ერთად ვიდექით ტუალეტის კართან. ჩვენც ვუკაკუნებდით დედას და ვეძახდით. ძლიერ ემპათიას გამოვხატავდით ბავშვის მიმართ. ვაგრძნობინებდით და ვეუბნებოდით, რომ გვესმის, როგორ ეშინია, როცა დედას ვერ ხედავს.ამ ქცევის იგნორირება არც გვიფიქრია. იგნორირება ხომ ვერასდროს ჩაუქრობდა იმ შიშს, რომელსაც განიცდიდა და მთელი არსებით გამოხატავდა. როცა იგნორირებას ვცდილობთ, ვრისკავთ, რომ ბავშვს უფრო ჩავკეტავთ, რადგან ვაგრძნობინებთ, რომ მისი განცდები არავის აინტერესებს. ამიტომ მისი გამოყენება ძლიერი შიშის დროს შეცდომად მიგვაჩნია. უბრალოდ ჩვენ ვინარჩუნებდით სიმშვიდეს, მის გვერდით ვიყავით, მაგრამ „ახირებებს“ არ ვუსრულებდით. არც სხვა შემთხვევებში. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იტანდა, პლასტელინითაც, ტყლარწითაც ვთამაშობდით ჯგუფში. არ ვაიძულებდით. სხვებთან ვთამაშობდით, თან ვახმოვანებდით. შიოსთვის „ყვირილის თამაში“ მოვიგონეთ: „შენ ხომ იყვირე, მოიცა, ახლა ჩემი ჯერია… აი, რა ხმამაღლა ვიცი მეც, ახლა შენი ჯერია… ახლა ჩემი“ და ა.შ. თავიდან უკვირდა და ბრაზობდა, მერე ეღიმებოდა, ეს უკვე მიღწევა იყო… ნელ-ნელა შეამცირა ყვირილიც, ტანტრუმიც… ველოსიპედიც გაატარა, ხანდახან სხვებთან ერთად ბატუტზეც ხტუნავდა, ხანდახან საერთო თამაშშიც ერთვებოდა, ხანდახან ჩვენს სიახლოვესაც იტანდა და ცოტას გვაფერებინებდა…
რამდენჯერმე მამამ მოიყვანა. ვთხოვეთ, რომ რამდენიმე აკრძალვა შეეტანა ბავშვთან ურთიერთობაში. მართლაც, როცა მამამ უთხრა, რომ უკვე აღარ შეიძლება დედის მკერდზე ძილი და ამის უფლებას აღარ აძლევს, ბავშვი ადვილად დაყაბულდა და თავის საწოლში დაიძინა. მამის ზოგიერთი აკრძალვის შედეგად დედაზე “ჩამოკიდება“ შედარებით მოეხსნა და უფრო დამშვიდდა. მანამდე ბავშვს ყველაფრის უფლება ჰქონდა სახლში. იგრძნობოდა, რომ მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ მისი „ულიმიტო“ ქცევის გამო. ვვარაუდობთ, რომ სახლში „მბრძანებელის“ პოზიციამ პატარას ძლიერი გაუცნობიერებელი შიში და აკვიატებები გაუჩინა.
ჩემთან ინდიივიდუალურ თერაპიას დედა ესწრებოდა. ვალაპარაკებდი ბავშვზე, მის დაბადებაზე, ჩვილობაზე,ადრეულ ურთიერთობებზე… როგორ ჭამდა, როგორ ეძინა, როგორ დაანება თავი ძუძუს, რა რეაქციები ჰქონდა ადრე, როდის რა დაიწყო… ამ ყველაფერს ბავშვს ვუხმოვანებდი, თან ვთამაშობდი და ვცდილობდი, ისიც ამეყოლიებინა… ნელ-ნელა მომყვებოდა, პლასტელინით თამაშიც დაიწყო, ადრე რომ შეხებასაც ვერ იტანდა… დაჭერობანასაც ვთამაშობდით, ბურთსაც, კუბიკებითაც, ცხოველებითაც… ამ ყველაფერს შედეგი ჰქონდა, მეტი დაინტერესება ჩანდა, მოსვლა უხაროდა, ხანდახან მომიჯდებოდა და მომეყრდნობოდა ხოლმე.. სიტყვებიც გაჩნდა: სახლი… იხვი… სპილო… პროგრესი ჩანდა, თუმცა არ გვაკმაყოფილებდა…
ამ ბავშვზე ბევრს ვლაპარაკობდით სუპერვიზიების დროს. საქმე იმაშია, რომ ფსიქოანალიტიკური დიაგნოსტიკა განსხვავდება დსმ-ის დიაგნოსტიკისგან, ამიტომ, ტესტირებით დასმული დიაგნოზი ჩვენ ბევრს ვერაფერს გვეუბნება ხოლმე ბავშვის ფსიქიკის შესახებ. არის კი მისი ფსიქიკა სტრუქტურულად აუტისტური? ამაზეც ბევრს ვკამათობდით. ეს შემთხვევა ჩვენს ფრანგ სუპერვიზორებთანაც რამდენჯერმე განვიხილეთ. იმაზე კი ვთანხმდებოდით , რომ შიოს განსაკუთრებული ემოციური ბმა ჰქონდა დედასთან. დედა, რომელიც თავის თავზე ლაპარაკს ერიდებოდა, ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ყველა სიძნელეს, ბავშვთან დაკავშირებულსაც და პირადსაც. არასდროს წუწუნებდა, არასდროს ხმას არ უწევდა, ტონს, მიმიკა არ ეცვლებოდა, ყოველთვის იღიმებოდა, საკუთარ თავზე თითქოს არც ფიქრობდა. ვვარაუდობდით, რომ ბავშვი თავისდა უნებურად დედისგან მეტ გამოხატვას, მეტ ემოციას ითხოვდა, დედის ძლიერი შეკავება, ემოციის, განცდის სიტყვით გადმოცემის არარსებობა შიოს საყრდენს აცლიდა, აშინებდა და ამეტყველების, კონტაქტის უნარს უქრობდა. გადავწყვიტეთ, რომ დედისთვის პირადი ანალიზი უსასყიდლოდ შეგვეთავაზებინა, რადგან ოჯახი ფულს იხდიდა ჩვენს მომსახურებაში და სავარაუდოდ, დედის თერაპიისთვის თანხის გამოძებნა გაუჭირდებოდათ. მე ბავშვთან ინდივიდუალურ სეანსებზე ვმუშაობდი, რომელსაც დედაც ესწრებოდა, ირინა თავბერიძემ კი დედა მიიღო და წარმოიდგინეთ, ისევ ბავშვთან ერთად. სხვა გზა არ იყო, დედა ბავშვს ვერსად ტოვებდა, თუმცა ამ შემთხვევაში თერაპიის ადრესატი დედა იყო. შიო ისმენდა. სხვათაშორის წყნარად. დედამ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი, უკმაყოფილების, ტკივილის გამოხატვა შეძლო… შედეგად… სახლში, დაფაზე შიომ დახატა ჩანასახი დედის მუცელში, გამოკვეთილი ჭიპლარით… ეს დაუჯერებელი იყო… თან ამ ნახატს არც შლიდა, თითქოს ინახავდა. რა დახატა? ნუთუ საკუთარი თავი? საკუთარი მდგომარეობა? ამდენი შეძლო? თუ ასეა, ეს დიდი პროგრესის, დიდ ნახტომის საწინდარი უნდა ყოფილიყო.
ზაფხულიც მოვიდა და შიო თავის საყვარელ სოფელში წაიყვანეს. ოქტომბერში კი ისევ დაგვიბრუნდა. სულ სხვანაირი. ტანტრუმი და ყვირილი სადღაც გაქრა. ახლა მხიარულად გვიყურებს თვალებში და გვიცინის. ხანდახან სახელით მოგვმართავს. თამაშობს ყველა სათამაშოთი, ადეკვატურად. სიმბოლურ თამაშებსაც, თოჯინითაც. საჭმელსაც უმზადებს ვითომ, აჭმევს და აძინებს. ამბობს, რას აკეთებს, თვითონ, სპონტანურად ჩვენი ინსტრუქციის გარეშე. ძერწავს, ხატავს, ფიგურები გამოჰყავს, ერთვება ბავშვებთან თამაშში, როცა სხვები არ არიან, მოიკითხავს ხოლმე. აღარაფრის ეშინია, რაზეც ადრე ყვიროდა, ძირს ეხეთქებოდა და სიმწრის ოფლში ცურავდა, ახლა იმ ყველაფერზე ეღიმება. აკვიატებები და სტერეოტიპული ქცევა აღარ ჩანს. იგივეა სახლშიც, ქუჩაშიც. საჭმლის მენიუც გაამრავალფეროვნა. დედის გარეშეც თავისუფლად რჩება. ორსიტყვიან წინადადებებს ამბობს. ჯერ უფრო მესამე პირში, მაგრამ გასაგებად და სწორად. ტკბილეულიც გაუყო თურმე თანატოლებს, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო.
მალე ბაღში უნდა წავიდეს. ჩვეულებრივად, ინკლუზიის გარეშე. ვფიქრობთ, რომ უნდა შეძლოს. ჩვენთან ისევ უნდა იაროს, თერაპია ჯერ არ დასრულებულა. ჯერ მხოლოდ 1 წელია, რაც ვმუშაობთ. ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გზა გვაქვს ერთად გასავლელი.
